მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას,  ნაწილი კი, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

„ამ აქციის მიზანი არის, რომ გადაარჩინონ ერთი ადამიანის სიცოცხლე. კმაყოფილი, მადლობელი ვარ „ვივამედის“ ექიმების, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ გამოსწორდა მდგომარეობა, მძიმედ არის“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

აქციაში ასევე მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, ასევე აქციაზე არის ზურაბ ჯაფარიძე.

„მთელ რიგ საექსპერტო დასკვნებში წერია, რომ ის არ ექვემდებარება საქართველოში განკურნებას და მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთ არის მისი გადაყვანა გამოსავალი. ამ ყველაფერს წაიკითხავს ივანიშვილის მართული მოსამართლე, აიღებს ჩაქუჩს, დაარტყამს  მაგიდას და იტყვის, მიუხედავად იმისა, რაც აქ წერია, მე მაინც ვასკვნი, რომ ის არის ჯანმრთელი, ვერაფერიც ამ ქვეყანაში ძველებურად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები აცხადებენ, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში, თუ ერთი კვირის ვადაში მთავრობა არ მიიღებს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილებას, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.