მთავრობის ადმინისტრაციაში ფიტნეს ცენტრების, ასევე ღია და დახურული ტიპის აუზების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ფიტნეს ცენტრების, ასევე ღია და დახურული ტიპის აუზების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ბიზნეს ომბუდსმენისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ფიტნეს ცენტრების, ასევე ღია და დახურული ტიპის აუზების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„ჯინო ფერედაისის“ აღმასრულებელი დირექტორის, რუსუდან ჯიქიას განცხადებით, მზად არიან, არსებული რეგულაციების ფარგლებში მუშაობა განაახლონ.

მისივე განმარტებით, კონკრეტული დეტალების შეთანხმებას ელოდებიან.

„დღეს შეხვედრაზე მოვედით, უკვე გამოგზავნილი გვქონდა პროექტი რეგულაციების, რომელიც ეხება კონკრეტულად ჩვენს დარგს. სამუშაო შეხვედრა არის, სადაც რაღაც სახის კომპრომისებზე მიდის ბიზნესი იმ შემთხვევისთვის, რომ შევძლოთ და ვუმასპინძლოთ სტუმრებს სეზონზე. თავისთავად ცხადია, ეს რეგულაციები შემდეგ გადის კონსულტირებას ეპიდემიოლოგებთან და ველოდებით პასუხებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივალთ კონსენსუსამდე. ჩვენ მზად ვართ, რომ გავიხსნათ იმ რეგულაციების ფარგლებში, რა რეგულაციებიც არსებობს.

უბრალოდ, ველოდებით კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმებას. არის ძირითადი ზოგადი კომპონენტები, რომელიც ყველასთვის საერთოა. ეს იწყება თერმოსკრინინგით, დეზობარიერებით და ა.შ. არსებობს ასევე დისტანციის დაცვის, კარადების, საპირფარეშოს დასუფთავების და ა.შ. პლუს არსებობს საკითხი, რომელზეც ახლა მიდის სამუშაო რეჟიმში შეხვედრა. ეს ეხება, თუ რამდენჯერ და რა სახით უნდა ხდებოდეს წყლის დასუფთავება და ძირითადად აუზების ნაწილში ვართ ის ხალხი შეკრებილი, რომლებსაც მუდმივ რეჟიმში რეცელკულაციაზე გვაქვს წყალი და თანახმა ვართ, ლაბორატორიულად შემოწმდეს, ხარჯები ჩვენი მხრიდან იყოს გაღებული, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ“,- განუცხადა რუსუდან ჯიქიამ ჟურნალისტებს შეხვედრის მიმდინარეობის დროს.

ამასთან, ჯიქია ამბობს, რომ ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია და შესაბამისად, საფასური ნაწილობრივ გაიზრდება.

„დაახლოებით 10-15 პროცენტით. ჩვენ გვინდა გავიხსნათ როგორც ბიზნესი და ამისგან პოულობდეს სარგებელს, მეორე მხარისთვის მნიშვნელოვანია, ვაკმაყოფილებდეთ ყველა ნორმას, რომ ეპიდსიტუაციას არ ვაუარესებდეთ.

შესაბამისად, შეხვედრაზე ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რამდენ პროცენტ წყალს უნდა ვცვლიდეთ ყოველდღიურად და რამდენად უნდა დაიხარჯოს ჩვენი დანახარჯები, რადგან წყლის ცვლა, გამდინარე წყლის შემოდინება ნიშნავს, რომ ჩვენი დანახარჯები უნდა გაიზარდოს. მივდივართ კომპრომისზე ჩვენი მხარეც და ცდილობს, რომ წამოვიდეს ბიზნესომბუდსმენის აპარატიც. ამ თემაზე ეპიდემიოლოგების პასუხებს ველოდებით“,- აღნიშნა რუსუდან ჯიქიამ.