მთავრობის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ინფორმაციას ტყუილი უწოდეს
მთავრობის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ინფორმაციას ტყუილი უწოდეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გავრცელებული ინფორმაცია, ნათია თურნავას შესაძლო ცვლილების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს, არის ტყუილი, ყალბი ინფორმაცია“,-განუცხადეს საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამასთან, თურნავას თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროშიც.

„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში“,- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს.