მთავრობის ადმინისტრაცია - აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებაზე ანა დოლიძის ინიცირებული პეტიცია ექსპერტთა კომისიას გადაეცემა
მთავრობის ადმინისტრაცია - აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებაზე ანა დოლიძის ინიცირებული პეტიცია ექსპერტთა კომისიას გადაეცემა

ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

„საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge მოქალაქე ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ გამოქვეყნდა 2019 წლის 4 ნოემბერს. პეტიციის მხარდამჭერი ხელმოწერების მოგროვებისთვის გამოყოფილი 30-დღიანი ვადის გასვლამდე, აღნიშნულმა პეტიციამ მოაგროვა საჭირო ხელმოწერების რაოდენობა – 10 000 (ათი ათასი) ხელმოწერაზე მეტი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის #245 დადგენილების თანახმად, აღნიშნული პეტიცია გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას დასამუშავებლად და შემდგომი განხილვისთვის მოსამზადებლად. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სამი კალენდარული თვის განმავლობაში გამოაქვეყნებს პეტიციის გვერდზე ოფიციალურ წერილობით პასუხს.

აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პრინციპების თანახმად, მთავრობის მეტი ღიაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ელექტრონული პეტიციების შესახებ და შექმნა პორტალი ichange.gov.ge“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.