მთავრობამ საარჩევნო სიების დახვეწაზე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დაამტკიცა
მთავრობამ საარჩევნო სიების დახვეწაზე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ საარჩევნო სიების დახვეწასთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დაამტკიცა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების სახით, პარლამენტს წარედგინება.

საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განმარტა.

„დღეს ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას, გაჩნდეს კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სია იყოს უფრო სანდო და უფრო დახვეწილ მონაცემებზე დაფუძნებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საარჩევნო სიების დახვეწა ცოცხალი პროცესია. უნდა მოხდეს გარდაცვლილ პირთა, ასევე მათი აღრიცხვა, ვინც წელს 18 წლის ხდება და პირველად აძლევს არჩევნებში ხმას. მინისტრის თქმით, ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი და რეგისტრაციის მისამართი.

„ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ასეული გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ საარჩევნო სიაში და ამოვრიცხეთ. ასეთი იყო დაახლოებით 8600 პირი. ასევე, რამდენიმე ათეული გარდაცვლილი პირი ამოვრიცხეთ საარჩევნო სიიდან იმ საფუძვლით, რომ მათი გარდაცვალება საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხდა, ამის შესახებ საკონსულო სამსახურმა არ იცოდა და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვენებისას აღირიცხნენ როგორც გარდაცვლილები.

დღეს დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო რეესტრს შესაძლებლობა ექნება, გარდაცვლილი პირები ავტომატურ რეჟიმში, გადმოსვენების დროს აღრიცხონ, მათ შესახებ ინფორმაცია მოგვეწოდოს და მოიხსნან საარჩევნო სიიდან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კიდევ ერთი ცვლილება, მისი განმარტებით, 1971 წლიდან 1996 წლამდე დაბადებულ პირებს და დოკუმენტებში მათი საცხოვრებელი ადგილის მითითებას შეეხება. მინისტრის თქმით, აღნიშნულ წლებში მშობლების გადასაწყვეტი იყო, შვილის დაბადების ადგილად რეალური დაბადების ადგილს მიუთითებდნენ თუ ფაქტობრივ საცხოვრებელს. ეს პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს, როცა კონკრეტულ პირებს დოკუმენტაციებში ორი სხვადასხვა ადგილი აქვთ მითითებული. მთავრობისთვის წარდგენილი ცვლილებებით, ასეთ პირებს დაბადების ადგილის ჩანაწერის გასწორება საბუთებში უფრო მარტივად შეეძლებათ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ცვლილებები განქორწინებულ ოჯახებს და განქორწინების რეგისტრაციასაც ეხება.

„არა ერთ ოჯახს ჰქონია პრობლემა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არც თუ ისე მშვიდობიანად მომხდარა განქორწინება, შემდეგ დავიწყებიათ განქორწინების რეგისტრაცია და თუ 10 წელია გასული, ჩვენ ვერ დაგვირეგისტრირებია განქორწინების ფაქტი, რის გამოც ახალი ქორწინების პრობლემა იქნება. თუ პარლამენტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ეს პრობლემა მოიხსნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ცვლილებების მიზანი მოქალაქეთა ცხოვრების გამარტივებასა და კომფორტთან ერთად, ამომრჩეველთა სიისთვის ბაზების სისწორე და საარჩევნო სიებისადმი ნდობის გაზრდაა.