მთავრობამ ქუთაისის აეროპორტისა და რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა
მთავრობამ ქუთაისის აეროპორტისა და რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა

მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, შენდება ახალი ტერმინალი, რომელიც წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში.

„დღევანელი პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. სადგური რეაბილიტირდება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კერძოდ, საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტსა და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროექტი დღეს დამტკიცდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ამ პროექტში სამი მხარე მონაწილეობს – საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც გზით დააკავშირებს საერთაშორისო აეროპორტსა და სარკინიგზო სადგურს; „საქართველოს რკინიგზა“ მოახდენს სადგურის რეაბილიტაციას იმგვარად, რომ ის მაღალ სტანდარტებს პასუხობდეს; ხოლო ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია ავიამგზავრების შატლებით უფასოდ მომსახურებისას გაუწევს ორგანიზებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სადგურსა და აეროპორტს შორის პერიოდული, სწრაფი და ეფექტიანი მიმოსვლა იქნება.

„სულ არის 1,5 კმ მონაკვეთი. შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს „საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე. ეს კიდევ ერთი, შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატა. ის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც განახლდება და ყალიბდება, როგორც დაბალბიუჯეტიანი, მსოფლიოშიც ცნობილი ავიაკომპანიებს ბაზრების ადგილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.