მთავრობამ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
უწყების განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.
პროექტის მიხედვით, ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. ამ კანონებში შესატანი ცვლილებებით შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირისთვის სანქცია გამკაცრდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
დღეს მოქმედი კანონით, ორდერის პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
მთავრობის მიერ დღეს დამტკიცებული პროექტით სანქციები გამკაცრდება ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართაც. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტით სანქციები გამკაცრდება იმ მიმართულებითაც თუ მოხდება გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება და ეს გათვალისწინებული იქნება როგორც დამამძიმებელი გარემოება. ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის. დღეს არსებული სასჯელის ნაცვლად, რაც – 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით; დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.