მთავრობამ ნატურალური რძისა და მისგან დამზადებული პროდუქტის დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივა მოიწონა
მთავრობამ ნატურალური რძისა და მისგან დამზადებული პროდუქტის დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივა მოიწონა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ნატურალური რძისა და ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტის დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივა მოიწონა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დაპირება იყო.

„ეს იყო პრემიერის დაპირება, რაც შეეხება ნატურალური რძისა და ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტების გათავისუფლებას დღგ-თი. მთავრობის წევრებმა აღნიშნული ინიციატივა მოიწონეს.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული ტრადიცია ნატურალური რძის წარმოების და ასევე რესურსი. თუმცა ბაზარი უმეტესად მხოლოდ რძის ფხვნილით წარმოებული პროდუქციითაა გაჯერებული“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი შეფასებით, დღგ-სგან გათავისუფლება აღნიშნული სფეროს ბიზნესისთვის სტიმული იქნება.

„გვჯერა, რომ ამ ბიზნესის დღგ-სგან გათავისუფლება, ნამდვილად იქნება სტიმული, რომ ნატურალური რძე და არამხოლოდ რძე, არამედ პროდუქტიც აწარმოონ“, – განაცხადა მან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადად, საქართველოს მსხვილ აგროქვეყნებთან კონკურენცია გაუჭირდება, მაგრამ აქცენტი აუცილებლად ხარისხზე უნდა გაკეთდეს.

„საქართველოს ზოგადად ძალიან გაუჭირდება, კონკურენცია გაუწიოს მსხვილ აგროქვეყნებს, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქცია იწარმოება. ფასით ჩვენ ყოველთვის გვექნება პრობლემა, თითქმის ყველა მიმართულებით, მაგრამ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ხარისხზე და ნატურალურზე, შემდეგ კი, ალბათ ორგანულ პროდუქტებზე“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მისი თქმით, მსოფლიო ტენდენცია საკვები პროდუქტების კუთხით სწორეთ ამისკენ მიდის.

„დარწმუნებული ვარ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ინიციატივები, რომ ორგანულის განმარტებაც შემოვიდეს. თუ გადავხედავთ, მთელ მსოფლიოში, საკვები პროდუქტის მხრივ სწორედ აქეთ მიდის ტენდენციები. ვფიქრობ, ამ  მიმართულებით, უნიკალური ნიშა გვაქვს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.