მთავრობამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა
მთავრობამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა.

ცვლილებები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 18 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი გახდება და უვადოდ იმოქმედებს.

აღმასრულებელი ხელისუფლება რეფორმის ფარგლებში, 2016 წლის 1-ელი აგვისტოდან 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დარეგისტრირებული მიწების სტატისტიკასაც აქვეყნებს. პროექტში ნათქვამია, რომ ამ პერიოდში დარეგისტრირდა – 730 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობი ჯამში დაახლოებით – 515 382 ჰექტარს შეადგენს.

მთავრობა აღნიშნავს, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის დაწყებიდან მოსახლეობისთვის უფასო, გამარტივებული სერვისების მიწოდების შედეგად, მოქალაქეების მიერ დაზოგილმა ჯამურმა თანხამ – 40 მილიონ ლარამდე შეადგინა.

მთავრობა განმარტავს, რომ კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ორ მიმართულებად დაიყო და სპორადული და სისტემური წესით მიმდინარეობს.

„რეფორმამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, სააგენტოსთვის მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია დაახლოებით – 400 პროცენტით. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება – 1500-დან 2000-მდე განცხადება, ცალკეულ შემთხვევებში კი, განცხადებების რაოდენობამ დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 51 800-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი, ხოლო დაახლოებით 44 529 განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებშია გადაგზავნილი.

მიწის რეგისტრაციის რეფორმამ აჩვენა სპორადული რეგისტრაციის ახალი წესის უფრო მყარად დანერგვის მართებულობა, რაც მოქალაქეთა მაღალი აქტივობითა და რეგისტრირებული უფლებების რაოდენობით დასტურდება. თუმცა, ვინაიდან, რეფორმა 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მიმდინარეობს, საჭიროა, რეგისტრაციის გამარტივებულმა წესმა იმოქმედოს არა მხოლოდ რეფორმის ფარგლებში, არამედ იგი რეგისტრაციის ზოგად წესად იქცეს, რა მიზანსაც ემსახურება წინამდებარე კანონპროექტი”, – აღნიშნულია კანონპროექტში.