მთავრობამ კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურები დაამტკიცა
მთავრობამ კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურები დაამტკიცა

მთავრობამ კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურები დაამტკიცა. ტექნიკური რეგლამენტი 85-გვერდიანია და 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. დოკუმენტის მიზანი მავნე ორგანიზმისა და ადგილობრივი მცენარეების მიმართ ღონისძიებების გატარებაა. კერძოდ, უნდა მოხდეს მავნე ორგანიზმის ადგილმდებარეობისა და გავრცელების დასადგენად სისტემატიური გამოკვლევების ჩატარება; მისი შემოჭრის, შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილება; გამოვლენის შემთხვევაში, გავრცელების თავიდან აცილება და კონტროლი მისი აღმოფხვრის მიზნით.

გარკვეული ვალდებულებები მეწარმეებს დაეკისრება. კერძოდ, ბიზნესოპერატორი ვალდებული იქნება, კარტოფილის მცენარეებსა და ტუბერებში, ან პომიდორში მავნე ორგანიზმის არსებობაზე ეჭვის გაჩენის, ან მისი არსებობის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს ნიმუშების აღებას და ლაბორატორიულ კვლევას. თუ მავნე ორგანიზმი იმპორტირებულ კარტოფილში გამოვლინდა, სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შეტყობინება ექსპორტიორ ქვეყანას.