მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა
მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზი გაესვა ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას.

მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე, რაც გეგმის შესაბამისად ხორციელდება.

ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში 68 ქვეყნის ოთხი ათასამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.