მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა, ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შედგა.

„ჩვენ ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, ფინანსურ ინსტიტუტებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დასჭირდეს ინვესტორების მხრიდან ფინანსური ნაწილის დასახურად. შედეგად, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადებს წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქალაქ სიეტლში, ანაკლიის პორტის ოპერატორ კომპანიასთან გამართულ შეხვედრაზე.

მამუკა ბახტაძის თქმით, SSA MARINE-თან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული იყო.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ქალაქ სიეტლში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკულ კომპანია SSA MARINE -თან, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად განიხილება. ჩვენ გვსურს, მსგავსი მასშტაბისა და პროფილის კომპანიები მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებდნენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი