მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია შექმნა
მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია შექმნა

მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია შექმნა.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. დადგენილებით სამთავრობო კომისიის დებულებაც დამტკიცდა.

კომისიამ უნდა შეიმუშაოს და მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და სამართლებრივი აქტების პროექტები ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის კონცეფციის შემუშავებისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე; მართვის სისტემის ოპტიმიზაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, წინადადებები  ადგილობრივ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში გასატარებელ ღონისძიებებზე.

კომისიის მთავარი ამოცანა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობაა.

კომისიის თავმჯდომარეა ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მის შემადგენლობაში მინისტრები და სხვა პირები შედიან.

კომისიის ფარგლებში, სფეროების მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. ჯგუფები შესაბამის სფეროთა მიხედვით განიხილავენ ცალკეულ საკითხებს და კომისიისთვის შესაბამის დასკვნებს რეკომენდაციებს, წინადადებებს, სამართლებრივი აქტების პროექტებს მოამზადებენ. სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, ასევე მიწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან შედგება.