მთავრობამ 2021 წლის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა
მთავრობამ 2021 წლის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.

ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

„პროგრამის სამიზნე ჯგუფია: შრომითი ქმედუნარიანობის მქონე (16 წლიდან) საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოში.

მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთ თვიანი ხანგრძლივობისაა და სწავლების პროგრამა შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი).

სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი პირები და სხვა.

პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სტაჟირება – დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით. სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 3 (სამ) კალენდარულ თვეს. სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით.

პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტია, სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციების განვითარება არაფორმალური განათლების ფარგლებში. საკვანძო კომპეტენციები აუცილებელია პირის პიროვნული და პროფესიული მიღწევებისთვის, ჯანსაღი და მდგრადი ცხოვრების სტილისთვის, სოციალური ინკლუზიისა და რაც მთავარია, შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციისთვის. საკვანძო კომპეტენციებია: პერსონალური და სოციალური; ციფრული; სამეწარმეო; მულტილინგვურობის კომპეტენცია. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 090 000 ლარით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აქვე განმარტებულია, რომ სააგენტო პერიოდულად უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის შესახებ სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირებას.