მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით გაზარდა
მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით გაზარდა

მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით გაზარდა. თუ დოკუმენტის პირველი და მეორე წარდგენისას ასიგნებები 14,211 მილიარდი ლარს შეადგენდა, დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში 14,432 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი.

ცვლილება რამდენიმე უწყების დაფინანსებას შეეხო. მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაიზარდა 16 მილიონი ლარით.

10 მილიონი ემატება მთავრობის სარეზერვო ფონდს და 2019 წლის მსგავსად ის 50 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე 30 მილიონი ლარით მეტის მიმართვაა გათვალისწინებული, რაც გამოწვეულია სავალუტო კურსის ცვლილებით.

საშინაო ვალის მომსახურებასა და დაფარვას პირველად გეგმასთან შედარებით 26 მილიონი ლარით მეტი მოხმარდება.

ამასთან, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვერსიით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მომავალ წელს 7 მილიონი ლარი იქნება. პირველი და მეორე წარდგენისას, დოკუმენტში ადმინისტრაციის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.

​საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება 350 მილიონი ლარი იქნება, რაც დოკუმენტის წინა ვერსიასთან შედარებით 50 მილიონით მეტია.