მთავრობა - კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების შედეგად, სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა
მთავრობა - კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების შედეგად, სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით („კოვიდ-19“) გამოწვეული შეზღუდვების შედეგად, საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეგულარული სამგზავრო საჰაერო გადაყვანების შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში არ შეზღუდულა რეგულარული და ჩარტერული სატვირთო ფრენები და ჩარტერული სამგზავრო ფრენები, რომლის მიზანია, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და საქართველოში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეების თავიანთ ქვეყანაში გადაყვანა.

„რეგიონული და საერთაშორისო სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნის პროტოკოლი, რომელიც მიეწოდა ყველა მეზობელ და პარტნიორ ქვეყანას. 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ დამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.0 ათასი ტონა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 26.4 პროცენტით. შემცირება განპირობებულია ამ ეტაპისთვის რეგულარული სამგზავრო ფრენების შესრულების შეჩერებით, რომლის მეშვეობითაც ასევე დიდი რაოდენობით უზრუნველყოფდნენ ტვირთების გადაზიდვას. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებას, 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს აეროპორტები 0.7 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე შემცირებულია 30.1 პროცენტით“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.