მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე იწყებს მუშაობას
მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე იწყებს მუშაობას

მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის  გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე იწყებს მუშაობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცენტრში 2012 წლიდან ყოველთვის იყო ადამიანი და 2013 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ადამიანის უფლებების დაცვის გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც რეფორმების გატარებისას სრულად იყო გათვალისწინებული.

„ჩვენი მთავრობის ცენტრში 2012 წლიდან იყო ადამიანი და სწორედ 2013 წელს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო ადამიანის უფლებების დაცვის გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის თვალსაზრისით, თითოეული რეფორმის გატარების დროს, ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული. ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე, ახალ ეტაზე მუშაობას, რომელიც ასევე იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და რომლის შექმნის პროცესში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ – საერთაშორისოს, ასევე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან მინისტრებს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ეს საერთო მუშაობის ძალზედ მნიშვნელოვანი ფორმატია და მოგიწოდებთ, თითოეულმა თქვენგანმა, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოთ აქტიური მონაწილეობა“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.