მთავარი პროკურორობის კანდიდატს პარლამენტის კომიტეტებში 15 ივლისს მოუსმენენ
მთავარი პროკურორობის კანდიდატს პარლამენტის კომიტეტებში 15 ივლისს მოუსმენენ

მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენის თარიღთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები გაიმართა და შევთანხმდით, რომ საკომიტეტო განხილვები 15 ივლისს გაიმართება და საკითხი პლენარულ სხდომაზე 16 ივლისს გავა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატის პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში მოსმენას არ ითვალისწინებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უმჯობესია, მოსმენა გაიმართოს იმავე ფორმატში, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის გამწესების საკითხის განხილვისას იქნა გამოყენებული.

„რეგლამენტი არ ითვალისწინებს პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრას, თუმცა ამას აქვს თავისი პოლიტიკური მხარე. ერთია სამართლებრივი და მეორე პოლიტიკური მხარე. პირადად ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, რომელიც არის დაკავშირებული ამ განხილვასთან, ვფიქრობ, უმჯობესია, გამოვიყენოთ იგივე ფორმატი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ წინა შემთხვევაში, როდესაც განიხილებოდა ბატონი ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე გამწესების საკითხი. ეს არის ჩემი შემოთავაზება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენამდე მოსამზადებლად ყველას საკმარისი დრო აქვს.

„რაც შეეხება თარიღებს, ამაზე გვქონდა ჩვენ გუნდში კონსულტაციები და ვართ შეჯერებული იმაზე, რომ კვირას ჩატარდეს პირველი ნაწილი პროცედურის – ეს არის საკომიტეტო განხილვა და პოლიტიკური ჯგუფები და ორშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ ეს საკითხი. ვფიქრობ, რომ მომზადებისთვის საკმარისი დრო გვაქვს ყველას, აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ასეთ გადაწყვეტას. რაც შეეხება ფორმატს, გავიაროთ კომიტეტები, პოლიტიკური ჯგუფები და გავაკეთოთ ეს ყველაფერი კვირა დღეს და ორშაბათს, უკვე პლენარულ სხდომაზე, განვიხილოთ საბოლოოდ ეს საკითხი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კენჭისყრით მიიღეს. თადუმაძის კანდიდატურას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ.