მთავარი პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ სთავაზობს
მთავარი პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ სთავაზობს

მთავარი პროკურატურა დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ, 13:00 სათზე სთავაზობს. ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.

“გიდასტურებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში”,- განაცხადეს პროკურატურაში.

შეგახსნებთ, მაჩალიკაშვილების ოჯახი მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას  ითხოვს. მათი განცხადებით, უკეთესი იქნება თუ პროკურორი თავად ჩავა ხეობაში.

“ჩვენ ვისაუბრეთ პანკისის ხეობის ისლამური თემის წარმომადგენლებთან და უხუცესებთან და საერთო აზრია, რომ უკეთესი იქნება, თუ პროკურორი ხეობაში ჩამობრძანდება. დღეს საღამომდე ალბათ გაგვაგებინებენ. მაგრამ თუ კატეგორიული უარი იქნება, მაშინ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. შეიქმნება ალბათ ჩვენიდანაც ჯგუფი, რომელიც თბილისში წავა შეხვედრაზე”, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ პირველ არხთან საუბრისას.