მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში აღარ იქნება
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღიდან, მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში აღარ იქნება.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებები მკვეთრად იმიჯნება.
კერძოდ, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ისევ პარლამენტი აირჩევს, თუმცა მომავალში, პროკურატურა ვალდებული იქნება, საკანონმდებლო ორგანოს თავისი საქმიანობის ანგარიში ყოველწლიურად წარუდგინოს.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დაამტკიცებს.
ინიცირებული პროექტი ამ დროისთვის პირველი მოსმენით არის განხილული და წინ ორი მოსმენაა დარჩენილი. თუკი დღეს მოქმედი კანონით, იუსტიციის მინისტრი, როგორც იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პირი, უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის მართვას, ცვლილებებით, გენერალურ პროკურორს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი უფლებამოსილებები გადაეცემა. კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის, პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრა; საშტატო ერთეულების მართვასთან დაკავშირებული საკითხები (შექმნა, გაუქმება, გადატანა, უფლებამოსილების განსაზღვრა); სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაბამისად მისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება; პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება; პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება; დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; დამოუკიდებლად აღსრულება (დაკავება/ექსტრადიციისთვის ინტერპოლის არხებით ძებნის გამოცხადება, სამართლებრივი დახმარებების შუამდგომლობებით მიმართვა და აღსრულება ადგილზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა/უცხო ქვეყნისთვის გადაცემა, ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით უცხო სახელმწიფოსთვის მიმართვა და საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ ძებნილი პირის საექსტრადიციო პროცედურებში მონაწილეობა დასაშვებობის სტადიაზე, ქონების ჩამორთმევა/განაწილების საკითხების მართვა).
ამას გარდა, კანონპროექტით, სხვადასხვა ორგანოსთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი შეიქმნება, რომელიც ახალ საშტატო ერთეულს არ წარმოადგენს და სტატუსის განმსაზღვრელი პოზიცია იქნება, რომელსაც პროკურატურის ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი შეითავსებს.
პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პირველი პირის მოსაზრებები არ გაითვალისწინა, ვეტო 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.