ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმა არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისათვის
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმა არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისათვის

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ პარტნიორებსა და მტრებსაც თვალნათლად დაანახა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია წარმატებით განახორციელოს სახელმწიფოს მშენებლობა ,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას მიაღწია, როგორიც ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია.

„გავაუმჯობესეთ ჩვენი მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს; და ეს ნაბიჯები არ გადადგმულა ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური თავისუფლების ფუნდამენტური პატივისცემის დათმობის ხარჯზე.

ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას, რომელიც ქვეყანას არ მიუღწევია ბოლო 25 წლის მანძილზე. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური უთანხმოებები, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ მწვავეა, თუმცა წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, არცერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა არ აცხადებს მთავრობას არალეგიტიმურად ან არადემოკრატიულად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა და განაცხადა რომ რეფორმის წარმატებით დასრულებით, კანონის უზენაესობის სულ უფრო გაძლიერების ტენდენცია შეუქცევადი გახდა.

„საქართველოში კანონის უზენაესობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ძლიერდება. 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით დასრულებით კი ეს ტენდენცია უკვე შეუქცევადი გახდა. საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, დღეს უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა. საფრთხის მომცველი სუპერ-საპრეზიდენტოდან უფრო დაბალანსებულ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა არ იყო ადვილი. მანამდე არსებული საკონსტიტუციო სტრუქტურა არამყარი და მერყევი იყო და აკლდა ძალაუფლების გადანაწილების ფუნდამენტური დებულებები. 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმით, პარლამენტის საკონსტიტუციო როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, მოახდენს მომავალში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალის უზურპაციის პრევენციას. დღეს ჩვენი შემდეგი ამოცანა არის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება სამთავრობო უწყებებზე. ჩვენი შემდეგი ნაბიჯები მიმართულია ჩვენი ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების, რაც ქართული დემოკრატიის აკვანი იყო, გაძლიერებისა და ეფექტურობისაკენ.

საკონსტიტუციო რეფორმა არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისათვის. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ხელისუფლებამ განახორციელა მთავარი საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა კი არ გაიზარდა, არამედ ოპოზიციას მიენიჭა უკეთესი შესაძლებლობა 2020 წლისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში უფრო ეფექტური კონკურენციისათვის. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით არა ალტრუისტული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების უფრო მეტი ლეგიტიმაციის მიზნით, რაც ასე ძალიან აკლდა საქართველოს პოლიტიკას წინა ათწლეულებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის წარმატება დემოკრატიზაციის იმ პროცესის მხოლოდ ნაწილია, რომელმაც ხუთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით უფრო დიდი სტიმული მიიღო.

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას უკვე აქვს თავისუფალი მედია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, და მზარდი საერთაშორისო რეპუტაცია, როგორც საუკეთესო რეფორმატორისა მმართველობის თითქმის ყველა ასპექტში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას​ მოდერირებას ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.