მთა­ვარი მწვრთნე­ლი - ზურაბ დათუნაშვილს შეუძლია, მწვრთნელთა შტაბთან მოვიდეს და განვიხილოთ, რატომ არის გულნატკენი
მთა­ვარი მწვრთნე­ლი - ზურაბ დათუნაშვილს შეუძლია, მწვრთნელთა შტაბთან მოვიდეს და განვიხილოთ, რატომ არის გულნატკენი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკ­რე­ბის მთა­ვარი მწვრთნე­ლი, ბექა როყვა აცხადებს, რომ ნაკრების კაპიტან ზურაბ დათუნაშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია პრობლემურ საკითხებზე მწვრთნელთა შტაბთან ისაუბროს.

როგორც როყვამ პირველ არხს განუცხადა, ინფორმაცია არ აქვს, რატომ არის დათუნაშვილი გულნატკენი.

„არ ვიცი კონკრეტულად თვითონ რას ამბობს. შეუძლია, ნებისმიერ დროს მოვიდეს მწვრთნელთა შტაბთან და გავიაროთ ეს საკითხები, რაზე არის თვითონ გულნატკენი. გვქონდა შესარჩევი, ადგილობრივი ტურნირი, დათუნაშვილმაც მიიღო მონაწილეობა 82კგ წონით კატეგორიაში, გავიდა მე-3 ადგილზე, ჩემპიონი გახდა ლაშა გობაძე, აქედან გამომდინარე გადაასწრო.

მიუხედავად ამისა ჩვენ დათუნაშვილს შანს ვაძლევდით 85კგ-ში გავსულიყავით ტურნირზე და კიდევ ერთხელ გაგვესინჯა ლაშა გობაძესთან ერთად, მაგრამ მან ამის სურვილი არ გამოთქვა, მოინდომა ქვედა 77კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობა. ამ ეტაპზე, 77კგ წონით კატეგორიაში სხვა მოცემულობა გვაქვს, სხვა ბიჭები არიან, სხვები იბრძვიან მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, მას არც საქართველოს ჩემპიონატი უჭიდავია 77-ში, არც მსოფლიოს დასაყენებლი ტურნირი – კარტოზია-ბალავაძე, რომელიც ახლა ჩავატარეთ და შესაბამისად, წესით, არ უნდა იყოს არაფერზე გულნატკენი.

ამ ეტაპზე, ლაშამ გადაასწრო, ჩემპიონატი გახდა, უდავო ლიდერი გახდა, ჯანსაღი კონკურენციაა. ეს ადგილობრივი ჩემპიონატი იმიტომ ტარდება, რომ გაირკვეს, ვინ გაიმარჯვებს და ვინ უნდა წარვადგინოთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე“, – განაცხადა როყვამ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული (კლასიკური) სტილის მოჭიდავეთა ნაკრების გუნდის შეკრება დღეს ზურაბ დათუნაშვილმა დატოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა და მიზეზად მწვრთნელთა არაობიექტური დამოკიდებულება დაასახელა.

„ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიმძიმდა და იოლი არ იყო. მიზეზი მწვრთნელთა სუბიექტური დამოკიდებულება იყო. დანარჩენის დაკონკრეტება აღარ მსურს. ველაპარაკე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც საკითხის განხილვას დამპირდა და ველოდები” – ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.

დათუნაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი და ლონდონისა და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშების მონაწილეა. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისა და კლასიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელობას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.