მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედია იუბილარია — ვიკიპედია 18 წლის გახდა
მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკლოპედია იუბილარია — ვიკიპედია დღეს 18 წლის გახდა.
ვიკიპედია 2001 წლის 15 იანვარს, ამერიკელმა ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა დააარსეს, ინგლისურ ენაზე. სულ მალე, გაიხსნა განყოფილებები სხვადასხვა ენებზეც. ვიკიპედიას და მის დობილ პროექტებს ფლობს და მართავს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ფონდი ვიკიმედია“ (Wikimedia Foundation). პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.
ვიკიპედიის მთავარი პრინციპი მოხალისეობაა. ნებისმიერ სტატია, რომელსაც ამა თუ იმ ვიკიპედიაში ხედავთ, შექმნილია მოხალისეთა მიერ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ვიკიპედიაში ჩართვა და მისი გამდიდრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რასაც ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა განსაზღვრავს.
დღეისათვის, ვიკიპედია 293 სხვადასხვა ენაზე არსებობს და მოიცავს მილიონობით სტატიას. უდიდესი განყოფილებაა ინგლისურენოვანი ვიკიპედია, რომელიც ამჟამად 5,7 მილიონ სტატიას შეიცავს.
„ფონდ ვიკიმედიის“ მონაცემების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში, ვიკიპედიაში (ყველა ვიკიპედია ერთად) დაფიქსირდა 190,7 მილიარდი გვერდის ნახვა. ამ დროისათვის, ვიკიპედია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტთა ათეულში შედის.
2005 წელს, ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა ენციკლოპედია ბრიტანიკისა და ვიკიპედიის 42 სამეცნიერო სტატიას. აღმოჩნდა, რომ ვიკიპედიის სიზუსტე ბრიტანიკისას უახლოვდებოდა.
ვიკიპედიის განყოფილებებს შორის, სტატიათა რაოდენობით ინგლისურს მოჰყვებიან შვედური, გერმანული, ფრანგული, ნიდერლანდური, რუსული, ესპანური, იტალიური, პოლონური, იაპონური, ჩინური, პორტუგალიური და ვიეტნამური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, უკრაინული, სპარსული, არაბული, სერბული, კატალანური და ნორვეგიული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით.
2003 წლის ნოემბერში ვიკიპედიის განყოფილება ქართულ ენაზეც შეიქმნა. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობა 126 250-ია და ამ მაჩვენებლით, 288 ვიკიპედიას შორის ქართული ვიკიპედია 57-ე ადგილს იკავებს. შედარებისათვის, პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი — ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 70 ათასამდე ტერმინ-სტატიას მოიცავს.
რეგიონში ლიდერია სომხურენოვანი ვიკიპედია 250 000 სტატიით, აზერბაიჯანულს კი 142 000 სტატია აქვს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში, ქართულ ვიკიპედიაში 77,07 მილიონი გვერდის ნახვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 15,8 პროცენტით მეტია.
ამჟამად, ქართულენოვან ვიკიპედიას 3 ადმინისტრატორი, 2 ბიუროკრატი და 32 შემმოწმებელი ჰყავს. სულ დარეგისტრირებულია 95 000 მომხმარებელზე მეტი. ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები მთავარ პრობლემად მოხალისეთა ნაკლებობას ასახელებენ.