მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანა აწარმოებს საკუთარი მოსახლეობისთვის საკმარის სურსათს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანა აწარმოებს საკუთარი მოსახლეობისთვის საკმარის სურსათს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ამ მომენტისთვის, გლობალური პოლიტიკა განსაკუთრებით თანამშრომლობითი არ ჩანს, მაგრამ საინტერესოა, რომელი ქვეყანა შეძლებს საკუთარი თავის თავადვე გამოკვებას, თუკი შეჩერდება სურსათის ყველა საერთაშორისო ვაჭრობა?

ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ასეთი ქვეყანაა.

გერმანიის ქალაქ გეტინგენის უნივერსიტეტისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 186 ქვეყნის სურსათის წარმოება შეისწავლეს. შედეგებმა ცხადყო, რომ გაიანა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შეიძლება სრულიად თვითკმარი იყოს საკვების იმ შვიდი მთავარი ჯგუფის თვალსაზრისით, რომელზეც კვლევის ფარგლებში ფოკუსირდნენ.

მეორე ადგილზე გავიდნენ ჩინეთი და ვიეტნამი — ისინი საკმარის საკვებს აწარმოებენ, რათა დააკმაყოფილონ თავიანთ მოსახლეობის საჭიროებები საკვების შვიდიდან ექვს კატეგორიაში.

ყოველი შვიდიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა აკმაყოფილებს კვოტას საკვების ხუთ ან მეტ ჯგუფში, მესამედი კი თვითკმარია ორ ან ნაკლებ ჯგუფში. საკვების არცერთ ჯგუფში არ გააჩნია თვითკმარობა ექვს ქვეყანას — ავღანეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ერაყს, მაკაუს, კატარსა და იემენს.

მცირედი სხვაობების მიუხედავად, მრავალი ქვეყნისგან შედგენილმა ეკონომიკურმა კავშირებმა მსგავსი მახასიათებლები აჩვენა.

მაგალითად, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო ახლო აღმოსავლეთში, თვითკმარობას მხოლოდ ხორცში აღწევს, დასავლეთ აფრიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში არსებული კავშირები კი მხოლოდ ორ ჯგუფში. არცერთი ეკონომიკური კავშირი არ აწარმოებს მთლიანი მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარის ბოსტნეულს.

ხარვეზების შესავსებად და მათი მოსახლეობის კვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ქვეყანათა უმეტესობა ვაჭრობაზეა დამოკიდებული. თუმცა, მრავალი ქვეყანა ჯერ კიდევ დამოკიდებულია მხოლოდ ერთ სავაჭრო პარტნიორზე, რომელზეც მოდის იმპორტის ნახევარზე მეტი; ეს ფაქტი მათ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის საბაზრო შოკებისადმი.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ქვეყნებსა და რეგიონებს შორის მრავალფეროვანი სავაჭრო ქსელების შენარჩუნება გადამწყვეტია მომავალში სურსათით მომარაგებაში.

„სურსათის საერთაშორისო ვაჭრობა და თანამშრომლობა გადამწყვეტია ჯანსაღი და მდგრადი რაციონისთვის. თუმცა, ძლიერი დამოკიდებულება მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იმპორტზე ქვეყნებს მოწყვლადს ხდის. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სურსათის მიწოდების მდგრადი ჯაჭვების შექმნა“, — ამბობს გეტინგენის უნივერსიტეტის ეკონომისტი იონას სტეჰლი.

კვლევა Nature Food-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ed.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.