მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს უახლოვდება
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, გლობალურ პანდემიას მსოფლიოში 793 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 მილიონ 700 ათასამდე აღწევს.

გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსს 170 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, 112 ათასი გარდაცვლილით, მესამე – მექსიკა, სადაც 56 100 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღეებში, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს ევროპაშიც. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.

ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი აღრიცხეს ინდოეთში, სადაც ერთ დღეში 68 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

რთული მდგომარეობაა ბრაზილიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსს 1 000-ზე მეტი პაციენტი შეეწირა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს. თურქეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 1 412 ადამიანს დაუდგინეს. გარდაიცვალა 19 პაციენტი. აზერბაიჯანში კი, ბოლო 24 საათში ვირუსის 139 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს. რუსეთში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად 5 000-მდე მერყეობს.