მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონ 428 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონ 428 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონ 428 ათასს გადააჭარბა. პანდემიის პერიოდში გლობალურად აღრიცხეს 61 მილიონამდე კოვიდინფიცირებული. მათგან 38 მილიონზე მეტმა ვირუსი დაძლია და განიკურნა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც კორონავირუსი 13 მილიონამდე ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 264 ათასი პაციენტი. მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო მესამე ბრაზილია, სადაც მხოლოდ გუშინ ვირუსს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

შედარებით გაუმჯობესდა ვითარება საფრანგეთში, სადაც ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 13 500-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. საფრანგეთში ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას დეკემბრის ბოლოს ვარაუდობენ.

რთულია ვითარება იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ დღეში 822-ს მიაღწია.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო კოვიდშეზღუდვები გამკაცრდა გერმანიაში, ხოლო საბერძნეთსა და ლიეტუვაში კარანტინის რეჟიმი დეკემბრის დასაწყისამდე გაახანგრძლივეს.

ვირუსის 29 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში, მათგან 22 000 პაციენტს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. გარდაიცვალა 174 პაციენტი.

4000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში აზერბაიჯანში. რუსეთში კი ბოლო 24 საათში ვირუსს 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.