მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ექვს მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ აშშ-შია, სადაც მათი რიცხვი მილიონ 800 ათასს სცდება. მეორეზე ბრაზილიაა, სადაც დაავადება 526 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა, გარდაიცვალა 29 ათასზე მეტი. მესამეა რუსეთი, სადაც ინფიცირებულია 414 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი 4800-ზე მეტი.
ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი გარდაცვლილი დიდ ბრიტანეთშია, სადაც ვირუსი ვერ დაძლია 39 ათასზე მეტმა ადამიანმა. მას მოსდევს ესპანეთი და იტალია. თუმცა, ორივე ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი ბოლო დღეებია იკლებს. იტალიაში ბოლო 24 საათში 178 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 26 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ესპანეთს, გუშინ კორონავიურსის შედეგად იქ არავინ გარდაცვლილა.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან კვლავ რთული რჩება სიტუაცია სომხეთში, სადაც 440 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 55 კი უკიდურესად მძიმე. კიდევ 16 პაციენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.
თურქეთში კი ბოლო 24 საათში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფექცია დამატებით 827 ადამიანს დაუდასტურდა.