მსოფლიოში კიბოთი დაავადებულ ბავშვთა ნახევარი დიაგნოზის გარეშე რჩება - ახალი კვლევა
მსოფლიოში კიბოთი დაავადებულ ბავშვთა ნახევარი დიაგნოზის გარეშე რჩება - ახალი კვლევა

ბავშვები კიბოს შესახებ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ სამწუხარო ტენდენცია გამოავლინა. საქმე ის არის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად კი აზიასა და აფრიკაში, კიბოთი დაავადებული ბავშვების დაახლოებით ნახევარს არასწორ დიაგნოზს უსვამენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაბამისი მკურნალობის გარეშე რჩებიან.

ასეთი საგანგაშო ციფრების შემდეგ, კვლევის ავტორები განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებებს ჯანდაცვასთან წვდომის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ.

სტატისტიკა ეფუძნება კომპიუტერულ მოდელს, რომელმაც დაამუშავა კიბოთი ავადობის კოეფიციენტის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და მიმართვიანობის მაჩვენებლის მონაცემები. ამის შემდეგ, მოდელის სიზუსტე შემოწმდა 77 ქვეყნის კიბოს რეესტრებზე. შედეგად, გამოვლინდა ბავშვების კიბოს ავადობის კოეფიციენტი და დიაგნოზის შეფასება.

დასკვნა უმძიმესი აღმოჩნდა.

„ბავშვებში კიბოს დიაგნოზის დასმა არსებითად არ ხდება, განსაკუთრებით სამხრეთ აზიასა და სუბსაჰარულ აფრიკაში (მოიცავს აფრიკას საჰარის უდაბნოს სამხრეთით). გარდა იმისა, რომ უნდა გაუმჯობესდეს ბავშვებში კიბოს მკურნალობა, უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემები, რათა სწორი დიაგნოზი დაუსვან და ეფექტიანად უმკურნალონ კიბოთი დაავადებულ ყველა ბავშვს“, — წერენ მკვლევრები.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2015 წელს მსოფლიო მასშტაბით კიბოთი უნდა დაავადებულიყო 397 000 ბავშვი, მაგრამ დიაგნოზი მხოლოდ 224 000-ს დაესვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემთხვევათა 43 პროცენტი გამოუვლენელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს დასავლეთ ევროპასა და აზიაში კიბოთი დაავადებულ ბავშვთა მხოლოდ 3 პროცენტი დარჩა დიაგნოზის გარეშე, მაგრამ ეს მაჩვენებელი 49 პროცენტს აღწევდა აზიაში, დასავლეთ აფრიკაში კი 57 პროცენტს.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ეს ბავშვები ექიმებს ან საერთოდ არ გაუსინჯავთ, ან სიმპტომები უბრალოდ სხვა დაავადებაში აერიათ, მაგალითად ტუბერკულოზში ან მალარიაში.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერის, ზაქარუ უარდის განცხადებით, ამ ქვეყნებში კიბოს დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვისაც კი გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ ეს მაჩვენებელი უბრალოდ ნულის ტოლია, თუკი ბავშვებს დიაგნოზი არ დაესმით.

კვლევის შედეგად გამოაშკარავდა სხვა შემზარავი სტატისტიკაც. როგორც მონაცემები აჩვენებს, ბავშვებში კიბოს შემთხვევები მოსალოდნელზე უფრო მაღალია დაბა და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში. ადრე მიაჩნდათ, რომ ეს მაჩვენებელი 80 პროცენტს აღწევდა, მაგრამ გაირკვა, რომ სინამდვილეში 90 პროცენტია.

აღნიშნული მაჩვენებლებისა და კომპიუტერული მოდელის პროგნოზით, 2015-2030 წლებში მსოფლიოში კიბოთი დაავადდება 6,7 მილიონი ბავშვი, რომელთაგან 2,9 მილიონს დიაგნოზი არც არასოდეს დაესმება.

აღსანიშნავია, რომ კვლევას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვაც. მაგალითად, რამდენიმე რეგიონს კიბოს რეესტრის ძალიან მწირი მონაცემები აქვს.

მიუხედავად შეზღუდვებისა, კვლევის შედეგები უდავოდ მკაცრი გაფრთხილებაა, რომ სასწრაფოდ უნდა გაუმჯობესდეს ჯანდაცვის სისტემების ყველა დონე მთელ მსოფლიოში, რათა კიბოს დიაგნოზი დაუყოვნებლივ დაესვას ამ დაავადების მატარებელ ყველა ბავშვს. თანაც, გასათვალისწინებელია ის სასიხარულო ტენდენცია, რომ კიბოს მკურნალობა მსოფლიოში დღითი-დღე უმჯობესდება.

კვლევა ჟურნალ Lancet Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.