მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin ჟურნალი საქართველოს შესახებ წერს
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin ჟურნალი საქართველოს შესახებ წერს

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin ჟურნალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის ინტერვიუს ავრცელებს.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. ITB Berlin-ის ვირტუალურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

„სხვა ტურისტული მიმართულებების მსგავსად საქართველოს კოვიდკრიზისმა დარტყმა მიაყენა, თუმცა საქართველოს ნაბიჯები ძლიერი და გადამწყვეტი აღმოჩნდა. წელს საქართველო ITB Berlin-ის ძირითადი პარტნიორია, ამ თემაზე ჩვენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელს ვესაუბრეთ“, – წერს ITB Berlin-ის ჟურნალი.

„პანდემიის გავრცელებამდე ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია იყო საქართველოში. ქვეყანამ რეკორდულად ბევრი 9.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო. ტურიზმის სექტორის წილმა მშპ-ში 8% შეადგინა. პოსტკრიზისულ პერიოდში, ეკონომიკის აღდგენის გეგმებში საქართველოს მთავრობისთვის ტურიზმი პრიორიტეტულია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ხელს შევუწყობთ ტურიზმის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებას და განვითარებას. კრიზისის დაწყებიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ ტურისტულ ბიზნესს სხვადასხვა პროგრამით: ეს არის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, გადასახადებისგან გათავისუფლება. ჩვენი მიზანია პანდემიისგან წამოსულ ნეგატიურ დარტყმას გავუმკლავდეთ, ტურიზმის ინდუსტრიამ მიიღოს სარგებელი და კვლავ სწრაფად მზარდი გახდეს. გლობალური კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს როგორც ტურისტულ ასევე ბიზნეს მიმართულებაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია“, – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.