მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 830 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 830 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით გლობალური მასშტაბით 12 900 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 146 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი სამ მილიონ 100 ათასს უახლოვდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა 44 პროცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღრიცხეს. დაავადებულთა რაოდენობით ბოლო დღე-ღამეში მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ხოლო მესამეა ევროპა, სადაც 165 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც პანდემიის პერიოდში 31 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 16 მილიონზე მეტი დაავადებულით, ხოლო მესამეა ბრაზილია 14 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულით.
ამასთან, „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ერთ მილიარდზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. სააგენტოს ცნობით, 207 ქვეყანასა და ტერიტორიაზე 1 002 938 540 ვაქცინაა აქტივირებული.