მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი უზარმაზარ ნაგავსაყრელად იქცა - ევერესტის მდგომარეობა საგანგაშოა
მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი უზარმაზარ ნაგავსაყრელად იქცა - ევერესტის მდგომარეობა საგანგაშოა

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს უმაღლესი მთა დედამიწის ყველაზე მაღლა მდებარე ნაგავსაყრელად გადაიქცა. ამის მიზეზი ტურისტების დაუდევრობაა, რომლებიც გზადაგზა ყრიან ყველაფერს, რაც აღარ სჭირდებათ.

8 848-მეტრიანი მწვერვალი პირველად სერ ედმუნდ ჰილარიმ დალაშქრა, 1953 წელს. მას შემდეგ, მის კვალს ათასობით ადამიანი მიჰყვება. თუმცა, მთის კალთებზე ისინი ყოველწლიურად ათასობით ტონა ნაგავს ტოვებენ.

კარვების აკეცვისას, ტურისტები ადგილზე ტოვებენ ტენტებს, გაფუჭებულ აღჭურვილობას, გაზის ცარიელ ბალონებსა და დიდი ოდენობით ექსკრემენტებს.

ნაგვის უკან ჩამოტანის მიზნით ალპინისტთა წასახალისებლად, ტიბეტის და ნეპალის მთავრობებმა არაერთი სისტემა შეიმუშავეს. ყოველ დატოვებულ კილოგრამზე, ტიბეტი მთამსვლელებს 100 დოლარით აჯარიმებს. გარდა ამისა, თუკი კონკრეტული ჯგუფის თითოეული წევრი დაბლა 8 კგ ნაგავს ჩამოიტანს, ნეპალი ჯგუფს 8 000 დოლარს გადასცემს.


შედეგად, ნეპალის მხარეს ალპინისტებმა უკვე ჩამოიტანეს 25 ტონა ნაგავი და 15 ტონა ექსკრემენტი. თუმცა, მთის კალთები ისეა დაბინძურებული, რომ ეს ოდენობა თითქმის არაფერს ნიშნავს. პრობლემა ის არის, რომ ტურისტს, რომელმაც მოგზაურობისთვის უკვე დახარჯა თითქმის 100 000 დოლარი, დეპოზიტის მიღება უბრალოდ აღარ აინტერესებს.

2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი ხალხს, შერპებს, მთის კალთებიდან ყოველ სეზონზე 11 793 კგ ადამიანის ფეკალია ჩამოაქვთ და ახლომდებარე სოფლის თხრილებში ყრიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიდან ჩამოსული ფეკალიები მუსონურ სეზონზე მათ სასიცოცხლო მდინარეს აბინძურებს.

ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე არაერთი ადამიანი მუშაობს. ინჟინრები აქტიურად ეძებენ ნარჩენების განახლებად საწვავად გარდაქმნის გზებს.

მიმდინარე წლის აპრილში, ჩინეთის ევერესტის დასუფთავების პროგრამის ფარგლებში, მთიდან 8,5 ტონა ნაგავი ჩამოიტანეს. 1991 წლიდან, მსგავსი პროგრამა მოქმედებს ნეპალის მხარესაც.
თუმცა, საუკეთესო გამოსავალი მაინც ადამიანთა მიერ გამოჩენილი ყურადღება და გარემოსადმი ზრუნვა იქნება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით