მსოფლიოს თასის ეტაპი ბაკურიანში სნოუბორდ კროსით დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბაკურიანში დასრულდა მსოფლიოს თასის ეტაპი სნოუბორდ კროსში. ბოლო საშეჯიბრო დღეს საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, სადაც 14 ქვეყნის 48 სპორტსმენი მონაწილეობდა.
კვალიფიკაციას მოყვა პატარა და დიდი ფინალები, რომელშიც კვალიფიკაციის შედეგად გადასულმა 32 ვაჟმა და 16 ქალმა იასპარეზა. ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა იტალიელმა ომარ ვისინტინმა, ქალებს შორის – ბრიტანელმა შარლოტ ბანკესმა.
მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ვაჟებში შვეიცარიელმა კალე კობლეტმა და ავსტრიელმა ალესანდრო ჰაემერლემ დაიკავეს. ქალებში მეორე ადგილი – ქლოე ტრესპეუჩის (საფრანგეთი), მესამე ადგილი – ფაიე გულინის (აშშ) ერგო.
გასულ წლებში ჩვენმა ქვეყანამ, ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლა ბაკურიანსა და გუდაურში. აღნიშნული ეტაპები ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელიც საქართველოში 2023 წელს გაიმართება სათხილამურო ფრისტაილსა და სნოუბორდში.
სნოუბორდ კროსს წინ უძღოდა სკი კროსის ეტაპები. ბაკურიანში გამართულ წლევანდელ ღონიძიებებში 200-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ზურაბ კოსტავა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი :
„გასახარია, რომ მონაწილეები და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები კმაყოფილებას ღიად გამოხატავენ. ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით მსოფლიო ჩემპიონატს და წარმატებით შევუერთდით საერთაშორისო სპორტის ოჯახს.“