მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბელარუსში დაკავებული რომან პროტასევიჩის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბელარუსში დაკავებული რომან პროტასევიჩის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბელარუსში დაკავებული რომან პროტასევიჩის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში აქციას შეუერთდა ბელარუსი ოპოზიციონერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ვილნიუსში დემონსტრაციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს ხელში დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას ფოტოები ეკავათ.

ბელარუსში აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლიეტუვამ თავშესაფარი ბელარუსის ასობით მოქალაქეს მისცა, რომლებსაც სამშობლოში დაპატიმრება ემუქრებოდათ, მათ შორის სვეტლანა ციხანოვსკაიას.

ბელარუსი ხალხისადმი სოლიდარობისა და ლუკაშენკოს საწინააღმდეგო დემონსტრაციები ასევე გაიმართა ირლანდიაში, პოლონეთში, აშშ-სა და კანადაში.