მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ლაშა ტალახაძეს 7 მაისს თბილისში დააჯილდოებენ
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ლაშა ტალახაძეს 7 მაისს თბილისში დააჯილდოებენ

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში 7 მაისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძეს შეხვდა. მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართება.

ასევე თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის სტატუსი უკვე მეორედ მოიპოვა.

გალა-დაჯილდოება 7 მაისს 18:00 საათიდან რუსთაველის თეატრში ჩატარდება. ცერემონიაზე დასასწრებად ლიდია ვალენტინი ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, კონსტანტინო იგლესიასთან ერთად თბილისში 7 მაისს გამთენიისას ჩამოვა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია პრეზიდენტ ტომაშ აიანის ხელმძღვანელობით კი თბილისს 5 მაისს ეწვევა.

6 მაისს სტუმრები კახეთში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ „მსოფლიო რბენაში“, რომლისთვისაც რეგისტარცია საქართველოში გამომგზავრებამდე საგანგებოდ გაიარეს.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, ბენდი პაატა ანდრიაძის, ლევან დეისაძის და ზაზა ცერცვაძის შემადგენლობით, ანსამბლები „სუხიშვილები“ და „რუსთავი“.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, ლაშა ტალახაძის ოჯახის წევრები.

ღონისძიების ტრანსლაციას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად გაიმართება. აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.

ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ხასან აკუში საქმიან შეხვედრებს გამართავს ქართულ მხარესთან და ბათუმში მომავალ წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის, „ბათუმი 2019“-ის მზადების პროცესს გაეცნობა.