მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ლივერპული“ და „ფლამენგო“ ითამაშებენ (ვიდეო)

ყატარში გაიმართა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ინგლისური „ლივერპული“ და მექსიკური „მონტერეი“ ხვდებოდნენ.

მატჩის პირველ 15 წუთში მაყურებელმა ორი გოლი იხილა: მე-12 წუთზე მოჰამედ სალაჰის ფილიგრანული პასით ნაბი კეიტამ ისარგებლა და ინგლისელები წინ გაიყვანა, ამ მომენტიდან ორ წუთში კი როხელიო ფუნესმა გაათანაბრა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

მეორე ტაიმმა „ლივერპულის“ შეტევებში ჩაიარა, მექსიკელები კი იშვიათი კონტრშეტევების იმედზე იყვნენ და საკუთარი კარის უსაფრთხოებას საკმაოდ ორგანიზებულად იცავდნენ.

საბოლოოდ, „ლივერპულმა“ გამარჯვების გოლის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მოახერხა. თავი რობერტო ფირმინომ გამოიჩინა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მერსისაიდელები ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდებიან.

ფინალური მატჩი 21 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.