მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი | ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრა ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის უპირატესობით დაიწყო. ქართველი თავდამსხმელი აქტიურობდა და პირველ ნახევარში 7,4 ქულით პარიზელებში საუკეთესო შეფასება მიიღო. რამდენჯერმე თამაში გაამწვავა. ერთ-ერთ ეპიზოდში მის წინააღმდეგ „ბოტაფოგოს“ მცველმა ბარბოსამ ისე იუხეშა, ქართველს ექიმის დახმარება დასჭირდა, მსაჯმა კი აშკარა უხეშობაზე თვალი დახუჭა.
ბრაზილიელებმა ფრანგების იერიშები შეაჩერეს. ისინი დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ და 36-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულეს – „ბოტაფოგო“ იგორ ჟესუსმა დააწინაურა.
ფრანგები მეორე ტაიმში დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს და ორი ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან.
შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი „სიეტლ საუნდერსთან“ 23 ივნისს 23:00 საათზე გამართავს.
