მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებები გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა საქართველოს წარმომადგენლობებში აზერბაიჯანში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, მოდლოვაში, ნიუ-იორკში, სალონიკში, თურქეთში, უზბეკეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიაში, ბელარუსში, პოლონეთსა და უნგრეთში წაიკითხავენ ლექციას 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით.

შვეიცარიაში, ჟენევაში, საქართველოს საელჩოსა და გაეროსთან საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაერო-ს შენობასთან გაიმართება მშვიდობიანი აქცია.

ღონისძიებების პარალელურად, ბრაზილიის, ბელგიის, ვატიკანის, ქუვეითის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, სლოვენიის, სომხეთის, რუმინეთის, ყაზახეთის გავლენიან გამოცემებში გამოქვეყნდება 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული სტატიები, ასევე იგეგმება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინტერვიუ ისრაელის ადგილობრივ ტელევიზიაში.

ამასთან, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეგვიპტეში უკრაინაში, ირლანდიაში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში გაიმართება შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.