მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ოფიციალურად დაასახელა ევროპული ქვეყნების ნაკრებებისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის თარიღი.

კერძოდ, წილისყრა 7 დეკემბერს, ციურიხში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს უეფას წევრი 55 ქვეყანა.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, ცერემონია ვირტუალურად გაიმართება ქვეყნების წარმომადგენლების დასწრების გარეშე“, – წერია ფიფას განცხადებაში.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ევროპიდან 13 ნაკრები მოხვდება. პირველ ეტაპზე გუნდები 10 ჯგუფად დაიყოფიან: ხუთ ჯგუფში ექვს-ექვსი ნაკრები იქნება, დანარჩენ ხუთში – ხუთ-ხუთი. ჯგუფების 10 გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მეორე ადგილზე გასული 10 გუნდი, ასევე ორი ნაკრები ერთა ლიგიდან პლეი ოფის მონაწილეები გახდებიან და სამრაუნდიანი ტურნირის მეშვეობით გაარკვევენ ბოლო სამი საგზურის ბედს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.