მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი - „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურება საქართველოს ეკონომიკური პროგრესის აღიარებაა
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი - „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურება საქართველოს ეკონომიკური პროგრესის აღიარებაა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი რობერტო აზევადო „ფიტჩის“ (Fitch) რეიტინგში დაწინაურებას საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის პროგრესის აღიარებაა. ამის შესახებ აზევადომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მან დავით ზალკალიანს „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურება მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მივულოცე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით კი „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურება, რაც წარმოადგენს საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესის აღიარებას. საქართველოს მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ეს გახლავთ ის ფაქტორები, რამაც გავლენა იქონია რეიტინგის გაუმჯობესებაზე.

აღნიშნული ასევე ასახავს საქართველოს რეფორმებსა და ეკონომიკურ ღიაობას, რასაც საქართველოში ვხედავთ. საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, რაც განსაკუთრებული მიღწევაა, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებისთვის, რასაც ჩვენ ვესწრაფვით“, – განაცხადა რობერტო აზევადომ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი ბიზნესგარემო.

„დღევანდელი ინტეგრირებული ეკონომიკის ფარგლებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გლობალურად ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც არის პროგნოზირებადი, მარტივი და საშუალებას აძლევს კომპანიებს, მოახდინონ ინტეგრაცია და ააწყონ გლობალური საწარმოო ჯაჭვი“, – განაცხადა აზავედომ.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბარი.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. განვიხილეთ ის მიმართულებები, სადაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მეტი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, საქართველოდან ექსპერტებისა და ოფიციალური პირების ვიზიტების ორგანიზებაზე, ასევე კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და დიალოგზე“, – განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ქალაქ ჟენევაში შეხვდა, სადაც მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის შეხვედრა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.