მსოფლიო პრესას მიაჩნია, რომ იურგენ კლოპმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ვიურცბურგში მწვრთნელების საერთაშორისო კონგრესზე გამოვიდა, სადაც მას ჰკითხეს კარიერის შესაძლო გაგრძელების შესახებ. აი, რა უპასუხა გერმანელმა სპეციალისტმა:
„დღეისთვის, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ეს დამთავრებულია. მე საკუთარი ახირებით არ წავსულვარ, ეს იყო საერთო გადაწყვეტილება. მე ვწვრთნიდი მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს. შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ ისევ დავილაპარაკოთ ამ თემაზე. კვლავინდებურად მინდა მუშაობა ფეხბურთში და ადამიანების დახმარება ჩემი გამოცდილებითა და კონტაქტებით. ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება მომიწევს“.
ამ ფრაზის პირველი ნაწილი სწრაფად აიტაცა მსოფლიო პრესამ, რომელმაც სათაურებში დაწერა, რომ 57 წლის გერმანელმა მწვრთნელმა თითქოს კარიერა დაასრულა. თუმცა კონკრეტული სიტყვები წასვლის შესახებ არ გაჟღერებულა, სამაგიეროდ, კლოპმა ახსენა სიტყვა „დღეისთვის“. გერმანელმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ არ აპირებს ფეხბურთთან გამოთხოვებას. მისი მომდევნო სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ მას არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ:
„დღეს სამუშაოს მხრივ საერთოდ არაფერი არ არის. არც კლუბი, არც ნაკრები, მაგრამ ვაპირებ, კიდევ ცოტა წავიმუშავო. ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ მხოლოდ პადელი ვითამაშო და შვილიშვილებს მოვუარო. იქნება თუ არა ეს სამწვრთნელო მუშაობა? ამ მომენტისთვის ამას გამოვრიცხავდი. ვნახოთ, როგორ იქნება ყველაფერი რამდენიმე თვის შემდეგ, მაგრამ ახლა არაფერი ხდება“.