მსოფლიო პატრიარქი მორწმუნეებს მიმართავს - ვალდებულნი ვიყავით, მიღებული ზომები წმინდა კვირაზეც გაგვევრცელებინა, რათა იყოთ დაცულები
მსოფლიო პატრიარქი მორწმუნეებს მიმართავს - ვალდებულნი ვიყავით, მიღებული ზომები წმინდა კვირაზეც გაგვევრცელებინა, რათა იყოთ დაცულები

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი მორწმუნეებს მიმართავს.

მსოფლიო პატრიარქის მიმართვას, რომელიც 11 აპრილით არის დათარიღებული, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ავრცელებს.

„კიდევ ერთმა წმინდა და დიდმა მარხვამ მიაღწია დასასრულს. დღეს სიხარულით აღვნიშნავთ ქრისტეს ახლო მეგობრის, ლაზარეს აღდგინებას, რომელიც საერთო აღდგომის წინასახეს წარმოადგენს. ხვალ ბზობის დღესასწაულით გავიხარებთ და ვიგალობებთ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა“.

ასე, რომ ჩვენ წმინდა და დიდ კვირაში სინანულითა და თავმდაბლობით შევდივართ. განვვლეთ დიდი მარხვა, რომელიც განსხვავებული იყო წინამორბედებისგან. ახალი კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და საეკლესიო ცხოვრება. მორწმუნეებისთვის ტაძრები დაიხურა. მათი ცნობიერება მოკლებულია საღმრთო ზიარების გემოს. ისინი ვერ ხედავენ მათი ძმებისა და დების სახეებს ტაძარში, აკლდებიან ღვთისმოსავ მსახურებებსა და საკმევლის კეთილსურნელებას. ეს ყველაფერი გაუცხოების შეგრძნებას იწვევს. ვრჩებით ჩვენს სახლებში, რათა მომაკვდინებელი ვირუსისაგან დავიცვათ თავები, მაგრამ ვაკლდებით „მამის სახლს“, რომელსაც მართლმადიდებლები არა მხოლოდ აღიქვამთ „ სახლად“, არამედ ის ჩვენი სახლია. თუმცა, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, მიგვეღო ეს აგონიური გადაწყვეტილება, გაგვევრცელებინა ეს წესები წმინდა კვირაზეც, რათა ყველა იყოთ დაცულები, გამონაკლისის გარეშე. პატრიარქის ანაფორას კიდევ ერთხელ უნდა დაეფარა თქვენი სიცოცხლეები, როგორც აკეთებდა ამას მრავალგზის, კონსტანტინოპოლის ტანჯული საყდრის ისტორიაში.

ძმანო და შვილნო, დარწმუნებულები იყავით, რომ თუკი თქვენ გული შეგტკივათ დაკეტილი ტაძრების გამო, თქვენი პატრიარქი ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდის და იტანჯება. თუმცა, გარწმუნებთ, რომ სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. პანდემიის კრიტიკულ დღეებში ექიმები და მეცნიერები რეკომენდაციებს გვაძლევენ და სახელმწიფო საჭირო და აუცილებელ ზომებს მიმართავს და ჩვენც წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი მეზობლების დაცვაში.

რა თქმა უნდა, ვლოცულობთ სიყვარულის, ჩვენი სულისა და ხორცის მკურნალი ღმერთის წინაშე, რათა განამტკიცოს დაავადებულები, შეეწიოს ამ მძიმე საქმეში ექიმებს, მკურნალებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან ამ ნამდვილად დიდი პრობლემის მოგვარებისათვის. არნახულმა კრიზისმა დაგვანახა სიყვარულისა და სოლიდარობის ძალა და ღირებულება, რომლებიც ადამიანურ საზომზე მაღლა დგანან და საღმრთო მადლის ბეჭედი გააჩნიათ. უნდა ვიცოდეთ და დავეთანხმოთ, რომ მიღებული ზომებით არ ილახება და იზღუდება ჩვენი რწმენა და სრულებით არ კნინდება ტაძრის როლი ან მასში აღსრულებული საიდუმლოებები მორწმუნეთა ცხოვრებაში. ეს დროებითი შემზღუდველი ზომები არ წარმოადგენენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებს. ეს ყოველივე არ ეხება ჩვენს, როგორც მორწმუნეთა იდენტობას, არამედ როგორც „ხორცშემოსილ და სამყაროში მცხოვრებ“ ადამიანებს.

მაშასადამე, ჩვენც თანმიმდევრულად ვაგრძელებთ საგანგებო ზომების განხორციელებას. ჩვენს ტრადიციაში, აღდგომა არ გახლავთ მხოლოდ ერთი „რჩეული და წმიდა დღე“. ეკლესიის მთელი ცხოვრება აღდგომაა. აღდგომა „ეკლესიის დიდება“ და „სასუფევლის სიმდიდრეა“. აღდგომა გახლავთ მართლმადიდებლობის სრულყოფილი რწმენა, მორალი და კულტურა. ყოველი საღმრთო ლიტურგია გახლავთ აღდგომა. აღდგომა გახლავთ ყოველი სამრეკლო და ყოველი წმიდა ტაძარი.

წმინდანები, მოწამეები და წმინდა ხატები, რომელთაც პატივს მივაგებთ და ასევე სიყვარულისა და კაცთმოყვარების ყოველი საქმე აღდგომის სურნელს აფრქვევს. მორწმუნეთა ცხოვრება ყოველდღიური აღდგომაა. ვიცით, თუ რას ნიშნავს აღდგომა, რადგან ვიცით, რას ნიშნავს ჯვარი. ჩვენ ჯვრისა და აღდგომის ეკლესია ვართ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ჯვრისგან და აღდგომის გემოვნება და ამიტომაც ვღაღადებთ: „აჰა, ესერა ჯვარისა მიერ მოიწია სიხარული ყოველსა სოფელსა“.

ამგვარად, ამ დიდი კვირის განმავლობაში და აღდგომის დღესასწაულზე თქვენი პატრიარქი და ფანარის კლერიკოსები, ინტენსიურად ვილოცებთ ყოველი თქვენგანისთვის. მართლმადიდებლობის ამ დიდ მონასტერში სიყვარულით მოვიხსენიებთ თქვენს სახელებს ცხოველმყოფელ ბარძიმში. თქვენ ხართ ისინი, ვინც საპატიო მიზეზით არ იმყოფებით, რომელთა გამოც ვევედრებით ღმერთს და ვამბობთ: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხენ სამკვიდრებელი შენი“. აღდგომას არ აიღებთ „წმიდა ცეცხლს“ ლამპრებით, თუმცა იგი თქვენს გულებში გადმოიღვრება. გახსენით თქვენი გულები აღდგომის ბრწყინვალე ღამეს და თქვენს გულებში განათდება წმინდა ნათელი, ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესიის ჩაუქრობელი კანდელიდან. „გაათავისუფლეთ თქვენი თავი, თქვენივე პირადი მესაგან“, რათა აღდგომილი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლდეთ და მაშინ გახდებით თქვენც „ნათელნი სოფლისანი“, როგორც უნდოდა ჩვენს უფალს, რომ ყოფილიყვნენ ისინი, რომლებსაც სწამთ მისი და შეუდგნენ მას.

ძმანო და შვილნო, დრო მალე გავა, პანდემია დაიძლევა და ღვთის წყალობით ჭრილობებიც შეხორცდება. ვლოცულობ, რომ ყველა ჩვენგანმა დაძლიოს კრიზისი, ყველაფერში სიღრმისეული აღმოჩენითა და „კარგი სახეცვლილების“ განცდით, ღმერთთან ერთობის ძალის გაცნობიერებით, რომელიც არის „ცხოვრება და ნათელი“, საღვთო ძღვენის – ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, მსხვერპლისა და სიყვარულის სახელით, პერსონალური უფლებებისგან განდგომის დაფასებით.

წმინდა კვირა იწყება. აჰა, ესერა სიძე მოვალს. აჰა, აღვალთ იერუსალიმად, ხოლო „იგი“ ჩამოდის, რათა ჯვარს ეცვას. დღეს ძელსა ზედა დამოეკიდების. ვუგალობთ ქრისტე შენს მაცხოვნებელ ვნებას და შენს აღდგომას ვადიდებთ. ჯვრის უკიდურეს სიმდაბლეს მოაქვს სამეუფო დიდების გამარჯვება. გისურვებთ, რომ კეთილად გევლოთ ქრისტესთან ერთად, ჯვრისა და აღდგომის ჭეშმარიტ გზაზე. მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!

ბართლომე, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი. ფანარი, 2020 წლის 11 აპრილი“, – ნათქვამია კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე პირველის მიმართვაში.