მსოფლიო ლიდერებმა უნივერსალური ჯანდაცვის შესახებ გაერო-ს პოლიტიკური დეკლარაცია მიიღეს
მსოფლიო ლიდერებმა უნივერსალური ჯანდაცვის შესახებ გაერო-ს პოლიტიკური დეკლარაცია მიიღეს

მსოფლიო ლიდერებმა უნივერსალური ჯანდაცვის შესახებ გაერო-ს პოლიტიკური დეკლარაცია მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

აღნიშნული დეკლარაცია მსოფლიო ლიდერებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეიის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე დაამტკიცეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

დეკლარაციის მიღებით, მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ იმუშავებენ უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე. კერძოდ, შექმნიან მექანიზმს იმის უზრუნველსაყოფად, რათა არავის შეექმნას ფინანსური სირთულე ჯანდაცვისთვის საკუთარი ჯიბიდან გადახდისას, ასევე განახორციელებენ ინტერვენციებს სხვადასხვა დაავადებების დასაძლევად და ქალთა და ბავშვთა ჯანდაცვის გასაძლიერებლად.

ამას გარდა, დეკლარაციის თანახმად, შეხვედრის მონაწილე ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი და განავითარონ ინფრასტრუქტურა. უნივერსალური ჯანდაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით მსოფლიო ქვეყნები ანგარიშს წარადგენენ 2023 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

„უნივერსალური ჯანდაცვა პოლიტიკური არჩევანია: დღეს მსოფლიო ლიდერებმა აჩვენეს მზადყოფნა, გააკეთონ ეს არჩევანი. ვულოცავ მათ“, – განაცხადა შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.