მსოფლიო ლიდერებმა დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს
მსოფლიო ლიდერებმა დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს

მსოფლიო ლიდერებმა დონალდ ტრამპსა და აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს. განცხადება გაავრცელეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, გერმანიის კანცლერმა, ასევე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის და მისი მეუღლე ფიქრებით პრეზიდენტ ტრამპსა და პირველ ლედისთან არიან და მეგობრებს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

„საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი დონალდ და მელანია ტრამპს. იმედი მაქვს, ისინი განიკურნებიან კორონავირუსისგან და სულ მალე სრულიად ჯანმრთელები იქნებიან“, – წერს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი, ტრამპს „კარგი განწყობა და ოპტიმიზმი“ უსურვა, რაც რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „აშშ-ის ლიდერს ვირუსთან გამკლავებაში დაეხმარება“.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ტრამპი და მისი მეუღლე კარანტინის პერიოდს გართულებების გარეშე გაივლიან და სრულად გამოჯანმრთელდებიან.

დონალდ და მელანია ტრამპებს სწრაფად განკურნება და ჯანმრთელობა უსურვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ლიდერი და მისი მეუღლე კორონავირუსით პირველ ოქტომბერს დაინფიცირდნენ. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან.