მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხუთი ათასი კი დაშავდა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხუთი ათასი კი დაშავდა

ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხუთი ათასი კი დაშავდა, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება.

გაერო-ს სპეციალური დაწესებულების წარმომადგენლის, ჯოელ მილმანის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები და ის მიგრანტები, რომლებიც უკანასკნელ დღეებში ლიბიის დატოვებას აპირებდნენ.

ბოლო მასშტაბური თავდასხმა ლიბიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც დედაქალაქ ტრიპოლიში, სამხედრო ბაზასთან ახლოს, მიგრანტთა ბანაკზე ავიაიერიში განხორციელდა. საჰაერო შეტევის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაშავდა. საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობა მომხდარში პასუხისმგებლობას მათ წინააღმდეგ მებრძოლებს აკისრებს.

ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება აპრილის შემდეგ მიმდინარეობს. გენერალი, ხალიფა ჰაფთარი ტრიპოლის ხელში ჩასაგდებად იბრძვის. დედაქალაქს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მთავრობა აკონტროლებს.