მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები საქართველოში ჩამოდიან
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები საქართველოში ჩამოდიან.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ფორუმი 12 აპრილს გაიხსნება და 3 დღეს გაგრძელდება.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები საქართველოში ბიზნესგარემოსა და ქართულ კულტურას გაეცნობიან. შეხვდებიან ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, გაიმართება პანელური დისკუსიები და ოკუპაციის ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას ესტუმრებიან.
„იანგ გლობალ ლიდერს“ (Young Global Leaders) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ნაწილია და 2004 წელს დაფუძნდა.
„იანგ გლობალ ლიდერს“ წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაერო-ს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები. თითოეული მათგანი დასახელებულია ნოვატორული საქმიანობისათვის, პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომისა და მათი უნარისთვის ააგონ ხიდები კულტურებს, ბიზნესებს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ სხვადასხვა წლებში „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებად“ დასახელებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრი ვერა ქობალია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი.