მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | საქართველოს ნაკრები ესპანეთში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს ესტუმრა და 61:90 დამარცხდა.
შერმადინი და ტენერიფე
მატჩი ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე გაიმართა, სადაც, შვიდი წელია, გიორგი შერმადინი თამაშობს. შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდა და თამაშის დასაწყისში შერმადინს ტენერიფელმა გულშემატკივარმა თბილი დახვედრა მოუწყო. მათაც კარგად მოეხსენებოდათ, რომ ეს გიორგისთვის ბოლო სანაკრებო მატჩი იყო.
მან 2006 წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში 202 შეხვედრა ჩაატარა, ესპანეთთან 8 ქულა ჩააგდო, სანაკრებო კარიერა კი 1757 ქულით დაასრულა.

სტარტი
ესპანეთთან 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც გავიმარჯვეთ და 2025 წელს ევრობასკეტზეც. ორივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მხრიდან ანგარიში დუდა სანაძემ გახსნა. ამჯერად პირველი ქულები თორნიკე შენგელიამ ჩააგდო. თუმცა პირველ მეოთხედში სნაიპერი მაინც სანაძე გახდა – 7 ქულა ჩააგდო. საქართველოს ნაკრებმა კი 22:19 მოიგო.
იყო მომენტი ჩვენი გუნდი 10 ქულითაც დაწინაურდა (18:8).
სამქულიანები
მეორე პერიოდიდან ესპანეთის ნაკრებმა სიტუაცია პერიმეტრიდან ტყორცნებით გამოასწორა. ვინაიდან ფარქვეშ საქართველოს ნაკრებს გაცილებით ტანმაღალი და კლასითაც მაღალი მეფარეები ჰყავს, მასპინძლებმა აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გადაიტანეს.
მიზანსაც მიაღწიეს – პირველ ტაიმში, ჯამში, 8 სამიანი ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე დიდი უპირატესობით გავიდნენ – 47:33.
თუმცა მხოლოდ სამიანები არ იყო, რითიც ესპანეთმა ასეთი უპირატესობა მოიპოვა – ჩვენმა მეტოქემ დაცვაში თამაშს მეტი აგრესია შესძინა და ქართველებს შეტევაში თამაში კიდევ უფრო გაურთულა.
რადგან გუნდურად არაფერი გამოდიოდა, თორნიკე შენგელია ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აგროვებდა ქულებს (საბოლოოდ 10 ქულა, 7 მოხსნა), თუმცა მეოთხე პერიოდში, ვინაიდან დაწევის შანსი აღარ იყო, მწვრთნელმა ლიდერები, მათ შორის შენგელიაც დაასვენა.

ნათელი წერტილი
ესოდენ რთულ შეხვედრაში წარმოუდგენელია ნათელი წერტილის ძიება, თუმცა უნდა აღინიშნოს 17 წლის მათე ხატიაშვილის თამამი თამაში. მას გამთამაშებლისთვის საჭირო ბევრი კარგი თვისება რომ აქვს, ესპანეთთანაც დაგვანახა.
საბოლოოდ მან მატჩი 10 ქულით დაასრულა.
სატურნირო მდგომარეობა
ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა შინ დანია 88:71 დაამარცხა.
ორი ტურის შემდეგ ორ-ორი მოგება აქვთ ესპანეთსა და უკრაინას, საქართველოსა და დანიას კი ჯერ გამარჯვება არა აქვთ.
ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გუნდი გადის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი იქნება თებერვლის ფანჯარა, რომლის დროსაც ორ შეხვედრას გამართავს – 27 თებერვალს დანიაში, 2 მარტს თბილისში დანიასთან.