მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ათგოლიანი მატჩი მაიამიში – ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოსწინა შეხვედრა მესამე ადგილისთვის გაიმართა, რომელსაც ბრინჯაო მედლის მფლობელი უნდა გამოევლინა. მესამე ადგილისთვის მატჩების მსგავასდ, გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა და გულშემატკივარმა 10 გოლი იხილა (მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ადგილისთვის მატჩში 10 გოლი არასოდეს გასულა) – ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთი 6:4 დაამარცხა და 1966 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე პირველად მოახერხა მედლის მოპოვება.
ინგლისის ნაკრები ერთადერთია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა ერთ კონკრეტულ მატჩში ექვსი გოლის გატანა (2018 – პანამა 6:1, 2022 – ირანი 6:2, 2026 – საფრანგეთი 6:4).
ანგარიში მე-3 წუთზე დეკლან რაისმა შორეული დარტყმით გახსნა. თამაში ამის შემდეგაც ინგლისელთა უპირატესობით გაგრძელდა, ფრანგებმა მხოლოდ რამდენჯერმე სცადეს შტევის განხორციელება, მაგრამ უშედეგოდ.
ინგლისელებმა კი პირველი ტაიმში კიდევ სამი გოლი გაიტანეს – ბუკაიო საკამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც კუთხურის მოწოდების შემდეგ ეზრი კონსამ გაიტანა და პირველი ტაიმი ბრიტანელებმა 4:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი დიდიე დეშამმა ცვლილებებით დაიწყო და საწყის 10 წუთში საფრანგეთმა ორი გოლი გაქვითა – ჯერ კილიან მბაპემ შეამცირა სხვაობა, ფრანგების მეორე გოლი კი შეცვლაზე შესული ბრედლი ბარკოლას ანგარიშზეა.
ამის შემდეგ უპირატესობა საფრანგეთის ნაკრებისკენ გადავიდა. 66-ე წუთზე მბაპემ დუბლი შეასრულა და ისევე როგორც მიმდინარე მუნდიალზე (10 გოლი), მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაშიც (22 გოლი) ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა.
პირველი გოლის მსგავსად, მბაპეს ასისტენტობა ამჯერადაც მაიკლ ოლისემ გაუწია და ერთ მუნდიალზე შესრულებული საგოლე გადაცემების რაოდენობით (7) პელეს გადაასწრო – ბრაზილიელს 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი საგოლე გადაცემა ჰქონდა.

86-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საკამ გაიტანა და ამ მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა.
არბიტრის მიერ დამატებულ დროში კიდევ ორი გოლი გავიდა – ჯერ დემბელემ შეამაცირა სხვაობა, ამ მატჩში წერტილი კი ჯუდ ბელინგემმა დასვა – 6:4 ინგლისის სასარგებლოდ და 60 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.