მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი - ესპანეთი 40 წლის მეკარემ შეაჩერა #1TVSPORT
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია 15 ივნისს დაფიქსირდა – ესპანეთმა ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტის, კაბო ვერდეს დამარცხება. ტურნირის ყველაზე დიდი სენსაციის მთავარი გმირი აფრიკელთა მეკარე, ვოზინია გახდა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა. 40 წლის მეკარემ კარიერაში საუკეთესო თამაში ჩაატარა – მის ანგარიშზეა შვიდი სეივი და 9.7 ქულა Sofascore-სგან, ფიფა-მ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
საფინალო სასტვენის შემდეგ 40 წლის მეკარემ ცრემლები ვერ შეიკავა.
„მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ვშრომობდი. დღეს გამიმართლა, რომ აქ ვიყავი და გუნდს ჩემი გამოცდილებით დავეხმარე. თუმცა შედეგი ყველა მოთამაშის დამსახურებაა. მოედანს კმაყოფილები ვტოვებთ“, – აღიარა ვოზინიამ ესპანეთთან მატჩის შემდეგ.
მისი ემოცია გასაკვირი არაა – მოკრძალებული კარიერის გამო ვოზინია ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ასეთი ტურნირის მონაწილე და მატჩის გმირი გახდებოდა.
25 წლამდე ვოზინია მხოლოდ კაბო ვერდეში თამაშობდა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელების ყურადღება მხოლოდ 2012 წლის დასაწყისში, ანგოლაში გადასვლის შემდეგ მიიპყრო, სადაც „პროგრესოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. თუმცა 2014/2015 წლების სეზონისთვის „მინდელენსეში“ დაბრუნდა.
ვოზინია ევროპაში 30 წლის ასაკში გადავიდა. 2015 წლის ზაფხულშ, თავისუფალი აგენტის სტატუსით მოლდოვურ „ზიმბრუსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ასევე გამოდიოდა კვიპროსის „აელში“, სლოვაკეთის „ტრენჩინში“ და პორტუგალიის „ჟილ ვისენტეში“, 2024 წლის ზაფხულიდან კი პორტუგალიაში მეორე დივიზიონის „შავეშში“ თამაშობს.
ვოზინია ეროვნულ გუნდს 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 90 მატჩი ჩაატარა, 81 გოლი გაუშვა და 37-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ვოზინიამ კაბოვერდელელთა რიგებში ოთხჯერ ითამაშა აფრიკის თასზე, ორჯერ კი მეოთხედფინალში გავიდა.