მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველომ ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაიწყო
მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველომ ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაიწყო

საქართველომ დღეს ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.

როგორც მსოფლიო ბანკში აცხადებენ, საუბარია მრავალდარგობრივ ინვესტიციაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში განახორციელა და ასევე ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმით ახდენს ფოკუსირებას ადამიანური კაპიტალის განვითარების სამივე კრიტიკულ სფეროზე.

ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მილიონი ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა.

თანადაფინანსების ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია დღეს პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

როგორც საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ ჟოზანმა განაცხადა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის 100 მილიონ ევროს ხარჯავს.

მისი თქმით, 2018 წლიდან საფრანგეთი საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის სექტორში.

„ჩვენ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ასევე სოციალური წესებისა და სტანდარტების განვითარებისთვის. ჩვენ გვსურს მეტის გაკეთება მთავრობასთან ერთად, რამდენადაც სოციალური კეთილდღეობა არის ჩვენი საქმიანობის ხერხემალი ქვეყანაში. მთავრობა თანახმაა ჩვენთან მუშაობაზე, მაგრამ ჩვენ გვსურს, შევცვალოთ მეთოდი, რომ იყოს მეტი კოორდინაცია პარტნიორებს შორის. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად თანადამფინანსებლები ვართ და გუნდი ასრულებს შესანიშნავ სამუშაოს პროგრამის წარდგენაში. ამას მოაქვს დამატებითი ღირებულება გენდერის, კლიმატური ცვლილებების და ევროკავშირის ნორმების თვალსაზრისით, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის განვითარების პარტნიორები“, – განაცხადა რაფაელ ჟოზანმა.