მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი - პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რაინჰარტმა განაცხადა.
„სავარაუდოდ იქნება სწრაფი აღმასვლა, როდესაც კარანტინთან დაკავშირებული ყველა შემზღუდავი ზომა გაუქმდება, თუმცა სრულ აღდგენას ხუთი წელი დასჭირდება“, – განაცხადა რაინჰარტმა მადრიდში გამართულ კონფერენციაზე.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის თქმით, პანდემიით გამოწვეული რეცესია ზოგიერთ ქვეყანაში უფრო დიდხანს გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს უთანასწორობას, რადგან კრიზისი უფრო მეტად დააზარალებს ღარიბ სახელმწიფოებს, ვიდრე მდიდრებს და ასევე მოსახლეობის ღარიბ ფენებს ქვეყნებში.
მსოფლიო ბანკის ეკონომისტის პროგნოზით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, გაიზრდება სიღარიბის გლობალური მაჩვენებელი.